03/03/2019
სვლა უმაღლესი წერტილისკენ
პუბლიკაცია კომპანია ,,ვერტექსის" შესახებ,
ვრცლად,
,,ბიზნეს სახელები 2018“-ში.
„Vertex მათემატიკური ტერმინია და ყველაზე მაღალ წერტილს ნიშნავს. გვინდა, ჩვენი კომპანიით მაქსიმუმი გავაკეთოთ და სფეროში უმაღლეს წერტილს მივაღწიოთ. ამისთვის ძალებს არ ვზოგავთ,“ - ამბობს კომპანია „ვერტექსი”-ს დამფუძნებელი თინა წივწივაძე. მისი კომპანია ქართულ სამშენებლო სფეროში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. კომპანიას საინტერესო გეგმები აქვს. აპირებს, სფეროს თითქმის ყველა მიმართულებაში ჩაებას და ადგილი ხარისხიანი პროდუქტების შექმნით დაიმკვიდროს. მის დამფუძნებელს თინა წივწივაძეს ამ სექტორში მოღვაწეობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ოფის-მენეჯერობით დაწყებული საქმე ფინანსური მენეჯერის პოზიციით გაგრძელდა, დღეს კი საკუთარი კომპანიის მფლობელია.
უნივერსიტეტი ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით დაამთავრა, მიღებულ განათლებას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს სამშენებლო საქმიანობაში ყოველდღიურად იყენებს. მთავარი მენეჯერი ჩართულია ყველა დეტალსა და წვრილმანში, ცდილობს, დაანგრიოს სტერეოტიპები და დაამტკიცოს, რომ სულაც არ არის მშენებლობა ქალისთვის რთული სფერო.
თინა წივწივაძე, სამშენებლო კომპანია „ვერტექსის“ დამფუძნებელი: „საქართველოში ბევრში ჯერ კიდევ იწვევს გაოცებას, როცა კომპანიას ქალი მართავს. რაც კომპანიის მფლობელი გავხდი, არაერთხელ უკითხავთ, მარტო ვმართავ კომპანიას თუ მეხმარება ვინმე, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ჩემს გვერდით გამოცდილი, პროფესიონალთა გუნდი დგას, მათ გარეშე ამ საქმეს ვერ შევეჭიდებოდი, მაგრამ კომპანიას სჭირდება კარგი მენეჯერიც. სწორად დაგეგმვა და ანალიზის უნარი უმთავრესია. მომწონს სირთულეები, ეს კომპანიაც ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის, მაინტერესებს, სადამდე შევძლებ წინსვლას. ისეთი ტერმინები ვისწავლე და ისეთ დეტალებში გავერკვიე, ხანდახან თავადაც მიკვირს. ალბათ, ეს წლებს და გამოცდილებას მოაქვს.
ბაზარზე 2017 წლის ოქტომბერში გამოვჩნდით და უკვე მე-3 ობიექტზე ვმუშაობთ. კონკურენცია მძაფრია, ვეჭიდებით რთულ პროექტებს, სადაც ბევრი კომპანია ვერ ბედავს შესვლას. როგორც ყოველთვის, საქმეს მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით ვუდგებით და დავასრულებთ კიდეც დათქმულ ვადებში.
დავიწყეთ სახელმწიფო დაკვეთებით და ტენდერებით, პარალელურად კერძო მშენებლობებზე გადასვლასაც ვგეგმავთ.
როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენი გუნდი გამოცდილი კადრებისგან შედგება (მარინა ბენიძე - ფინანსური მენეჯერი, ჯონდო გოგოლაძე - მთავარი ინჟინერი, მიხეილ წივწივაძე - მშენებლობის უფროსი და ა.შ), რაც კომპანიის ძლიერი მხარეა. სფეროს დიდი პერსპექტივა აქვს, სექტორი სულ უფრო იხვეწება და წინ მიიწევს, პროფესიონალი კადრი კი არც ისე ბევრია“.
კომპანიას საინტერესო მოლაპარაკებები აქვს და წინ ახალ-ახალი პროექტები ელის. „ვერტექსი“ სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ - ყველაზე მაღალი წერტილისკენ.