08/07/2026
შეგახსენებთ, რომ სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით გრძელდება ხელმოწერების შეგროვება.
ბევრად მეტი აქტივობა უნდა ჰქონდეს განცხადებას, რომელიც აქტიურმა დიდდიღმელებმა შეადგინეს. ვისაც არ მოგიწერიათ ხელი, გთხოვთ, მოაწერეთ. სკოლებში ბავშვების რეგისტრაციისას პრობლემებზე წუწუნი საქმეს ვერ შველის. აქვე გთავაზობთ განცხადების ტექსტს. ხელის მოწერისთვის აუცილებელია ბმულზე გადასვლა.
https://manifest.ge/petition/80d75001-d8e8-4d43-9544-d7650efbb5df?fbclid=IwY2xjawS66cVleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeHvYmU7F0l9-6AnkutBuQysp3kVLCJXSHcWp6ewhL3nLOYyvKaUQz6g4tzfI_aem_8AVoyTgPsOenLhSCiiAo4w
"ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის, კერძოდ დიდი დიღმის,
მოსახლეობის ერთობლივი მომართვა
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
როგორც თქვენთვის ცნობილია, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდ დიღომში, ფუნქციონირებს მხოლოდ სამი ძირითადი საჯარო სკოლა: 186-ე, 192-ე და 221-ე საჯარო სკოლები, სადაც თითოეულში 3000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
დიდ დიღომის მოსახლეობა ყოველდღიურად იზრდება, რაც საგრძნობლად ზრდის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე დატვირთვას. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალი საჯარო სკოლ(ებ)ის მშენებლობის დაუყოვნებლივ დაწყება. დღეს უკვე მოსწავლეების ნაწილს სწავლა მეორე ცვლაში უწევს, ხოლო არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში შესაძლოა მესამე ცვლაც გახდეს საჭირო. მსგავსი პრაქტიკა არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, უარყოფითად აისახება როგორც სასწავლო პროცესის ხარისხზე, ისე მოსწავლეთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.
სოფელ დიღმის ტერიტორიაზე არსებული ახალი ქუჩები, რომლებიც დიდი დიღმის მიკრორაიონების მიმდებარედ მდებარეობს და ინტენსიურად არის განაშენიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით, ასევე ეკუთვნის, და სოფელი დიღმის მოსახლეობა იყენებს დიდი დიღმის სამი საჯარო სკოლის მომსახურების არეალს, რაც სკოლებზე დამატებით დატვირთვას ქმნის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ ახალი საჯარო სკოლ(ებ)ის მშენებლობის საკითხის უმოკლეს ვადებში განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ, დიდი დიღმის მოსახლეობა, მოვითხოვთ ახალი საჯარო სკოლ(ებ)ის მშენებლობას ისეთ ლოკაციაზე, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის და რეალურად შეამცირებს დღეს არსებულ საგანმანათლებლო კრიზისს.
მოსახლეობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები:
1. რეკომენდაცია №1 - საკადასტრო კოდი: 01.72.14.402.011 (სტივენსის ქუჩა) - ეს წარმოადგენს ყველაზე პრიორიტეტულ პროექტს. დიდი დიღმის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზედა მიკრორაიონებში ცხოვრობს, რის გამოც არსებული სკოლები გადატვირთულია. ვითხოვთ, ახალი საჯარო სკოლა აშენდეს სტივენსის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.72.14.402.011, ფართობი – 10,054 კვ.მ.). აღნიშნული ტერიტორია ამ ზონაში პრაქტიკულად ერთადერთი თავისუფალი სახელმწიფო მიწის ნაკვეთია, ამიტომ აუცილებელია მისი შენარჩუნება საზოგადოებრივი საჭიროებისა და საჯარო სკოლის მშენებლობისთვის.
2. რეკომენდაცია №2 - საკადასტრო კოდი: 01.72.14.014.689 (221-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - პარალელურად უნდა დაიწყოს მეორე საჯარო სკოლის მშენებლობაც. პროექტის განხორციელებისას აუცილებელია წინასწარ დაიგეგმოს დამატებითი მისასვლელი გზა, სავალი ნაწილი და უსაფრთხო საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, რადგან აღნიშნული ტერიტორია უკვე დღესაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვით ხასიათდება.
3. სამომავლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა - გთხოვთ, უკვე დღესვე დაიწყოთ დიდი დიღმის სამომავლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა. არსებული და დაგეგმილი ინტენსიური განაშენიანების გათვალისწინებით, აუცილებელია კიდევ 2-3 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთების წინასწარ დარეზერვება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - კერძო საკუთრებაში არსებული მიწების ეტაპობრივი გამოსყიდვა, ვიდრე ტერიტორიებზე სამშენებლო ნებართვები სრულად გაიცემა. პრაქტიკა ადასტურებს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ სკოლისთვის შესაბამისი მიწის გამოყოფა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. დიდი დიღმის მოსახლეობის ზრდის არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, უახლოეს 5-10 წელიწადში მინიმუმ კიდევ ერთი ან ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გახდება აუცილებელი. შესაბამისად, გთხოვთ, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულ იქნეს უკვე მიმდინარე დაგეგმვის ეტაპზე, რათა სახელმწიფოს მომავალში ჰქონდეს შესაძლებლობა დროულად უზრუნველყოს მოსახლეობა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით.
ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საკითხის განხილვისას სახელმწიფომ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უპირველესად უნდა იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპით, რომელიც წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს.
საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის მიმართ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეაფასონ, რამდენად ემსახურება კონკრეტული ქმედება ბავშვის კეთილდღეობას, განვითარებასა და უფლებების სრულფასოვან რეალიზებას.
ამავე კოდექსის შესაბამისად, ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ხარისხიან, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო გარემოზე თანაბარი წვდომა. აღნიშნული ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სკოლის ფორმალური არსებობით და მოიცავს ისეთი პირობების შექმნასაც, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას, სასწავლო პროცესის ხარისხს, უსაფრთხო გარემოსა და ბავშვის სრულფასოვან განვითარებას.
ამასთანავე, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 3-ე მუხლის მიხედვით, ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებაში ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი განხილვის საგანი, ხოლო 28-ე მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს განათლებაზე ეფექტიანი და რეალური ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ვალდებულება მოითხოვს არა მხოლოდ არსებული სკოლების ფუნქციონირებას, არამედ მზარდი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და განვითარებას.
ჩვენ, დიდი დიღმის მოსახლეობას, გვაქვს უფლება ვიცხოვროთ სუფთა და ჯანსაღ გარემოში, ხოლო ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება ღირსეულ პირობებში. საბაზისო უფლებების უზრუნველყოფა არ უნდა მოითხოვდეს მოსახლეობისგან მუდმივ ბრძოლასა და თხოვნას. მიუღებელია, რომ მშობლების მთავარი საზრუნავი საბავშვო ბაღის დასრულების შემდეგ ბავშვის საჯარო სკოლაში მოხვედრა და საკლასო ოთახის მოძიება იყოს, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ეს უფლება იყოს გარანტირებული.
მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ დიდი დიღმის მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნა და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს საზოგადოების რეალურ საჭიროებებს და დაუყოვნებლივ დაიწყოთ დიდი დიღმის ტერიტორიაზე სკოლ(ებ)ის მშენებლობა.
პატივისცემით,
დიდი დიღმის მოსახლეობა
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის, კერძოდ დიდი დიღმის, მოსახლეობის ერთობლივი მომართვა გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა როგორც თქვენთ...